Peter Forsskal: Thoughts on Civil Liberty
 
The Text
 
  << English
   
 
ფიქრები სამოქალაქო თავისუფლებაზე
   
  © Lika Chapidze
   
   
  § 1
 

რაც უფრო მეტად ცხოვრობს ადამიანი საკუთარი მისწრაფებების მიხედვით, მით უფრო მეტად თავისუფალია. ამიტომ ადამიანისთვის სიცოცხლის გარდა ყველაზე დიდი ფასეულობა თავისუფლებაა. არცერთი საღად მოაზროვნე არსება არ იტყვის უარს და არ შეიზღუდავს თავისუფლებას, თუ ძალადობის ან სხვა რაიმე უფრო დიდი ბოროტების მსხვერპლი არ გახდა

   
  § 2
 

თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომ ის არ ითხოვს შეზღუდვას, მაგრამ ჩვენ არც თუ იშვიათად ვხვდებით მდგომარეობაში, სადაც ცხოვრების მანკიერი მხარე ჩვენზე დომინირებას იწყებს და ჩვენ იძულებული ვხდებით არასწორად მოვიქცეთ. სწორედ ამიტომ ხდება აუცილებელი გარკვეული საზღვრების დაწესება. თავისუფლება უნდა გათავისულდეს იმ ნაწილისგან, რომელიც მას ზიანს აყენებს. ხელუხლებელი უნდა დარჩეს მხოლოდ ის ნაწილი,  რომელიც ადამიანის შინაგან ნებას წარმოადგენს და რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.   

   
 

§ 3  

 

ჭეშმარიტი სამოქალაქო თავისუფლება არსებობს მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი თავისუფალია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა თავისი საქმიანობით სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას; რომ თითოეული პატიოსანი ადამიანი შეძლებს იცხოვროს მშვიდ და დაცულ გარემოში, სადაც ის მიჰყვება საკუთარი სინდისის ძახილს, ჯეროვნად გამოიყენებს თავისუფლების ყველა დადებით ასპექტს და ამგვარი ქმედებით წვლილს შეიტანს საკუთარი საზოგადოების კეთილდღეობაში.

   
 

§ 4  

 

ამგვარი თავისუფლებისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, ვისაც, საკუთარი თანამდებობის, დაგროვილი ქონებისა თუ სიმდიდრის წყალობით, ქვეყანაში ძალაუფლების სადავეები უპყრიათ. ასეთი ადამიანები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას და ამავე დროს გამუდმებით აძლიერებენ საკუთარ უფლებებსა და გავლენას, რასაც იქამდე მივყავართ, რომ რიგირთ მოქალაქეებს სულ უფრო მეტი შიში უჩნდებათ მათ მიმართ.  

   
 

§ 5

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აბსოლუტური თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ  იმას, რომ საზოგადოების თითოეული წევრი დაცული უნდა იყოს მმართველი ძალის ძალადობისგან, სწორედ ეს წარმოადგენს საზოგადო ბედნიერებისკენ გადადგმულ დიდი და პირველი ნაბიჯს. მოქალაქეების ჩაგვრა მხოლოდ მმართველი ძალისგან არ მომდინარეობს. საზოგადოების რიგითმა წევრებმაც შეიძლება იძალადოს თავის თანამოძმეზე. ბევრ რესპუბლიკაში, მაგალითად ისეთში, როგორიც პოლონეთი და იტალია არიან, ძალიან ამაყობენ თავისუფლების წმინდა სახელით, მაგრამ სიანამდვილეში ხალხის უმეტესობა განიცდის შევიწროებას საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან.

   
  § 6
 

ისმის კითხვა - ვისი უმაღლესი ძალაუფლება არის უფრო მეტად დამღუპველი ქვეყნისთვის - მმართველის თუ რიგითი მოქალაქეების? მე ვფიქრობ, რომ ძალადობა მოქალაქეების მხრიდან აუტანელია, მმართველი ძალის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა კი უკურნებელ სენს ჰგავს, ამიტომ ადამიანმა თავიდან უნდა აიცილოს იგი და უნდა ეშინოდეს მისი. თუ არ იქნება აღმოფხვრილი ძალადობის ერთი ფორმა, ვერც მეორეს ამოძირკვას შევძლებთ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როგორც წესი, ხორციელდება ავტოკრატების სახელით და მისი სადავეები უპყრიათ არაკეთილსინდისიერ ადამაინებს, რომლებსაც არ შესწევთ უნარი საზოგადოებაში ისეთივე მაღალი ადგილი დაიკავონ, როგორც მათ ბატონებს აქვთ, მაგრამ თავისუფლად სარგებლობენ და ტკბებიან იმ სიკეთეებით, რომელიც მათი ბატონების ამგვარ მდგომარეობა მოაქვს.  ძალაუფლების მქონე მმართველების მხრიდან გამოვლენილი ძალადობაც უკურნებელ სენს ჰგავს რამდენიმე მიზეზის გამო. გვირგვინოსან მმართველთა სიწმინდისა და ხელშეუხებლობის რწმენა დიდიხანია ფესვგადგმულია ჩვენს სამყაროში. ამ მიზეზითვე ხდება ყველაზე უსამართლო მმართველის ნებისმიერი გადაწყვეტილების გამართლება. ბევრს ჰგონია, რომ ასეთ მაღალ საფეხურზე მდგომი პირისთვის, ვინც ყველა დანარჩენს ზემოდან დასცქერის, ზედმეტი არაფერია, რამეთუ ის თვით ღვთაებრივ სიწმინდეებთან არის გათანაბრებული.  ბერბერების მეფეები, რომლებსაც წმინდანებად მიიჩნევდნენ, არაფრად აგდებდნენ საკუთარი ქვეშევრდომების სიცოცხლეს და ასეთი ქცევისთვის არც კი ისჯებოდნენ. ინგლისელი ფიცდაუდებელნი ღირსების საქმედ მიიჩნევენ იმას, რომ  მოღალატე სამეფო ოჯახის მიმართ ერთგულება არ უნდა გამოეჩინათ . შორს რომ არ წავიდეთ, შვედეთი მეფე კარლ მეთორმეტეს ზეობის ხანაში წამოწყებული ომების დროს, კაცების,  სურსათ-სანოვაგისა და ფულის დეფიციტს განიცდიდა, თუმცა ხალხს მაინც სჯეროდა მეფის, ე.წ. ქვეყნის უძლეველი გმირის*  და სწამდა, რომ ის საკუთარ ქვეყანას იცავდა.

   
 

ამგვარად, ხშირად ისეც ხდება, რომ ქვეშევრდომები საკუთარი სამეფო ხელისუფალს სულაც არ მიიჩნევენ უსამართლო მმართველად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეფის უსამართლობაში დარწმუნებული არიან, მისგან თავის დახსნას მაინც ვერ ახერხებენ.  სამეფო ხელისუფლები თავგამეტებით იცავენ საკუთარ პრივილეგიებს და საჭიროების შემთხვევაში ერთპიროვნული მმართველები ხდებიან. მთელი სარგებელი და ძალაუფლება, რომელიც მთელი ქვეყნის საკუთრება უნდა იყოს, მხოლოდ  ერთი ადამიანის ხელშია. როცა საზოგადოების რიგითი წევრი ჩაგრავს თავის თანამოძმეს, ეს შეუმჩნეველი არავის რჩება. როცა ხალხის მასა ხელში იგდებს და ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, მიზნის მიღწევა უფრო ადვილი ხდება. ასეთ შემთხვევებში, ხალხის სიყვარული და თაყვანისცემაც კი ვერ იხსნის ავტოკრატ მმართველს. ერთადერთი რამ რაც ასეთ მმართველებს შეუძლიათ იღონონ, არის, იმ უსამართლობის დამალვა, რაც თავად თესავენ მთელს ქვეყანაში. ამგვარი მმართველების უსამართლო მმართველობის დიდი ხნით მიჩქმალვა შეუძლებელია განსაკუთრებით მაშინ, თუ საზოგადოების თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად და ღიად ილაპარაკოს/წეროს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.


* იხ. Enväldets skadeliga påföljder (“აბსოლუტიზმის დამღუპველი შედეგები”), Stockh. 1757

   
 

§ 7  

 

ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო თავისუფლება ცოცხალი და ძლიერია მაშინ, როცა შეზღუდულია მართველი ძალის (მთავრობის) ძალაუფლება და შეუზღუდავია წერილობითი სიტყვის თავისუფლება; თუმცაღა აუცილებლად დაისჯება ის, ვინც თავის ტექსტებში უღირს, ღვთისმგმობელ, კერძო პირების შეურაცხმყოფელ და აშკარა ამორალურ საქციელს გაამართლებს.

   
 

§ 8  

 

ღვთაებრივი გამოცხადებები, ბრძნული ფუნდამენტური კანონები და კერძო პირების ღირსება არ უნდა დაზიანდეს გამოხატვის თავისუფლების ამგვარი მანერით, რადგან ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს იქ, სადაც გეძლევა შესაძლებლობა თანაბრად იყო უარყოფილიცა და დაცულიც.

   
 

§ 9  

 

წერილობითი სიტყვის თავისუფლება ყველაზე უკეთ ავითარებს ცოდნას, აშორებს მას ყველა მავნე სტატუსს, ზღუდავს თანამდებობის პირთა მხრიდან გამოვლენილ უსამართლობას და არის მთავრობის ყველაზე საიმედო დამცველი თავისუფალ სახელმწიფოში. ის აყვარებს ადამიანებს მთავრობის ასეთ ფორმას. ინგლისში, ხშირად ვერ გაიგონებთ ფუნდამენტური კანონების წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას. იქ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ადრეულ ეტაპზევე შეიძლება იქნას აღკვეთილი, რადგან საზოგადოებას შეუძლია თავისუფლად გამოხატოს უკმაყოფილება. მეორეს მხრივ, რომელიმე არც თუ უცნობ ქვეყანაში*, არსებობს თვალნათელი მაგალითი იმისა, რომ თავისუფლების არათანაბარი განაწილება ხდევა სიძულვილითა და ძალის გამოყენებით; ამ დროს ხალხი ადვილად მიმართავს ძალადობასა და სასოწარკვეთილ ნაბიჯებს;  მას, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ურჩევნია ყველაფერი გაწიროს, ვიდრე ეჭვიანობისა და შურისძიების სურვილის გარეშე, უყუროს იმას, როგორ იხლიჩება საზოგადოება და როგორ უზღუდავს ერთი მოქალაქე თავისუფლებას თავისსავე თანატოლსა და მოძმეს.  ის ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, რისკზეც ადვილად მიდის და მზად არის მცირე დანაკარგი იწვნიოს, მაგრამ მტერს და მჩაგვრელს ძალიან მწარედ აზღვევინოს. ეს საქციელი, რა თქმა უნდა, არ არის მაინდამაინც მოსაწონი, მაგრამ მაინც გავრცელებული პრაქტიკაა. შესაბამისად, თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული თავისუფლების პირობებში. უკმაყოფილოთა ძალით შეკავება და დათრგუნვა თავისუფლებას საფრთხის წინაშე აყენებს საფრთხეში, მიუხედავად იმისა ხალხს უკმაყოფილების მიზეზი გააჩნია თუ არა. გონიერი მთავრობა უბიძგებს თავის ხალხს უკმაყოფილების გამოხატვის იარაღად თოფის ნაცვლად საწერი კალამი გამოიყენოს. ეს ერთის მხრივ ხალხის განათლებასაც უწყობს ხელს და მეორეს მხრივ თავიდან აგვარიდებს აჯანყებებსა და არეულობას, რაც ქვეყანის მშვიდი განვითარების გარანტი იქნება.
 *დანია.  

   
 

§ 10

 

როგორც ზემოთ (§ 3) აღინიშნა, ადამიანის შესაძლებლობა იყოს დაცული, მიჰყვეს სინდისის კარნახს, ისარგებლოს თავისი ქონებითა და წვლილი შეიტანოს საზოგადოების აყვავებაში არის სამოქალაქო თავისუფლების განუყოფელი ნაწილი. მე შევეცდები თითოეული ეს პუნქტი მოკლედ ავხსნა. თუკი ვინმე პატიოსანი ადამიანის სხეულსა და ჯანმრთელობას მიაყენებს ზიანს, არავინ დარჩება დაუსჯელი, აცხადებს კანონი და ეს არის გარანტია ჩვენი უსაფრთხო არსებობისთვის. თუმცა, მაინც აუცილებელია მოვუსმინოთ ბრალდებლებს და აღვასრულოთ მოსამართლეების განაჩენი, იმის მიუხედავად ბრალდებულს ჩაუდენია თუ არა დანაშაული. რადგან საზოგადოება ვერ იარსებებს კანონის გარეშე და არც მოსამართლეები  იქნებიან  ყოველთვის მიუკერძოებლები.* ზოგჯერ, ხალხის სიძულვილს და თავშეუკავებელ პათოსს ყველაზე უდანაშაულო მოქალაქეებიც კი წაურთმევია საზოგადოებისთვის. არ არსებობს სიცოცხლის ხელოყოფასა და ადამიანის ღირსების შელახვაზე უფრო ძლიერი საფრთხე; ბრალდებულის მხრიდან საკუთარი თავის საჯაროდ დაცვის შესაძლებლობამ შეიძლება ვერ აიძულოს მოსამართლე შეცვალოს განაჩენი, მაგრამ იმას მაინც მივიღებთ, რომ ხალხში რისხვა ჩაცხრება. თუკი ესეც არ იქნა გარანტირებული მაშინ, ყველაზე სამართლიანი კომპენსაცია ასეთი დიდი უსამართლობის საწინააღმდეგოდ, საბრალო ბრალდებულისთვის  იმის უზრუნველყოფაა, როგორც ეს ინგლისშია მიღებული, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა თანამემამულეებს სიკვდილის წინ დაუმტკიცოს, რომ იგი უდანაშაულოდ შეეწირა ამ განაჩენს.

*იხ. რამდენიმე პუბლიკაცია სასამართლო პროცესების, მოსამართლეების და წერილობითი სიტყვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

   
 

§ 11   

 

სინდისი ხშირად მცდარ შეხედულებებზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.  თუკი ეს მცდარი შეხედულებები საზოგადოებისა და ხალხის დესტრუქციისკენ არის მიმართული, როგორც ეს იეზუიტების ვერაგულ წესებში გვხვდება,  ის არ უნდა იყოს შეწყნარებული. თუმცა, ისინი ვინც, როგორც წესი, შერცხვენილი სინდისის გამო საშიშებად აღიქმებიან, შეიძლება გახდნენ კარგი მოქალაქეები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება ოდნავ მაინც მოერგება მათ მცდარ შეხედულებებს. მენონიტები თავს არიდებენ ფიცის დადებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ენდონ მათ მიერ ნათქვამ  “დიახს” და “არას”. ბევრი მათგანი მტერზე თავდასხმისთვის არ გამოდგება, მაგრამ ამავე დროს საკუთარი სურვილით გაიღებენ ფულს სამხედრო შენაერთების დასაფინანსებლად.. ის რომ რელიგიებს შორის შესაძლოა არსებობდეს განსხვავებები, რომლებიც ხელს არ უშლიან სამოქალაქო ერთობის შენარშუნებას, კარგად ჩანს წარმატებული და მდიდარი და, თავისუფლების წყალობით სწრაფად მზარდი პენსილვანიის მოსახლეობის მაგალითზე. თავისუფლების საფარველქვეშ მოქცეული რელიგიური ილუზიები გზას დაუთმობენ სიმართლის ძალას და უკან დაიხევენ, მაშინ როცა უგუნური გულომდგინებით წაქეზებულნი, ცეცხლივით სწრაფად და მძვინვარედ გავრცელდებიან. საბოლოო ჯამში, რადგან ამქვეყნად არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები მცდარი შეხედულებების გარეშე იცხოვრებდნენ, არც იმას ენიჭება დიდი მნიშვნელობა, ხალხი საჯაროდ განიცდის მარცხს, როგორც ეს ინგლისში ხდება, თუ იქნება თვალთმაქცი, როგორც ყველგან.

   
 

§ 12  

 

საზოგადოებაში ადამიანებს, ნაწილობრივ როგორც სახელმწიფოს წევრებსა და ნაწილობრივ როგორც კერძო პირებს, გააჩნიათ საკუთრება. პირველი ტიპის საკუთრება საჯარო სამსახურიდან მიღებულ შემოსავალს და ქონების იმ ნაწილს გულისხმობს, რომელიც ამ შემოსავლპით არის შეძენილი. მეორე ტიპის საკუთრება კი ის საკუთრებაა, რომელსაც თითოეული კერძო პირი ფლობს. კანონმა ორივე უნდა დაიცვას ძალადობისა და ხალხს არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ ბოროტად გამოყენოს ისინი. თითოეულ მოსახლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიზიაროს საჯარო ტვირთის/ვალდებულებების სიმძიმე და ასევე მიიღოს გონივრული სარგებელი, რადგან საზოგადოება საერთოა და ასევე უნდა იყოს თავისუფლებაც. სახელმწიფო გადასახადები არ უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მხოლოდ რამდენიმე შეძლებული წევრის მიერ გადახდილ თანხებს. თითოეულმა უნდა გადაიხადოს თავისი შემოსავლის მიხედვით. გარდა ამისა, არავის, ვისაც შესწევს უნარი დაიკავოს მაღალი თანამდებობა და მოიპოვოს გარკვეული სტატუსი საზოგადოებაში, არ უნდა წაერთვეს იმედი იმისა, რომ ერთ დღეს ის ამას აუცილებლად შეძლებს.

   
 

§ 13  

 

თუ სამუშაოს მაძიებლებს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებამდე შესაფერის გამოცდას ჩავუტარებთ; თუ მათ, ვინც ამგვარ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, მივცემთ შესაძლებლობას უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ (რაღა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, თუ რა დრო დაყვეს წინა თანამდებობებზე); და თუ პირველი ნაბიჯის გადადგის უფლება მიეცემა მას, ვინც პირველი გამოიჩენს თავს და დაამტკიცებს, რომ მას გააჩნია კონკრეტული საქმის შესასრულებლად საჭირო ყველა უნარ-ჩვევა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობი და უწყებები არ ჩავარდებიან უუნაროთა და უღირსთა ხელში და აღარც ოჯახი, ფული და მფარველები შეძლებენ თავისი უუნარო პროტეჟეებისთვის გზის გაკვალვას და ამით სხვა უფრო გამრჯე და მცოდნე კანდიდატის დაჩაგვრას.

   
 

§ 14  

 

რცერთი გამოცდა არ არის იმაზე ადვილი და საიმედო, ვიდრე იმ ცოდნისა და პრაქტიკის შემოწმება, რომელიც უწყების საქმიანობას უკავშირდება. ჩვენ, ჩინეთში, მივმართავთ ამ მეთოდს სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების დანიშვნის დროს. თუმცა, არც საუკეთესოთა ათვალწუნებაა რთული საქმე. ადამიანს აქვს უფლება დასვას კითხვები ნებისმიერი საკითხის გარშემო და  ისე განსაჯოს, როგორც თავად აირჩევს. ამიტომ აუცილებელია ცალკეული სამსახურებისთვის შეიქმნას და დაინერგოს  სპეციფიკური ცოდნა, ლიტერატურა, პროფესიული გადამზადების კურსი და პრაქტიკული ამოცანები დანერგვა.

   
 

§ 15  

 

ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და მისი მეშვეობით მიიღოს სარგებელი მანაც და საზოგადოებამაც, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ განურჩევლად ყველა ინდივიდს არ უნდა ჰქონდეს ყველა ტიპის ქონების შეძენის შესაძლებლობა. არავის შეუძლია, თავისი შრომის თუ საფასურის სანაცვლოდ, შეიძინოს მიწა იქ სადაც მას მოესურვება. ბევრი ადამიანი ფლობს იმაზე მეტ მიწას, ვიდრე მას შეუძლია დაამუშაოს. საკუთრების ამგვარი ფორმას არ მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის. გარკვეული კანონები, როგორიცაა მაგალითად ებრაელთა შორის გავრცელებული მოსეს კანონები, ამბობენ შემდეგს: რომ თითოეული ოჯახს უნდა ჰქონდეს მიწის მცირე ნაკვეთი, რომელიც სამარადისოდ მისი იქნება: მოსეს მესამე წიგნიდან, 25:13-15, 23, 24, 40 და 41; ან ლისინიუსი რომაელებს შორის 500 იუგერის შესახებ (მიწის საზომი ერთეული). ასეთი სამართლიანი გადანაწილება, მიწის უფრო ეფექტურად დამუშავებასაც უწყობს ხელს.  და ხელს უწყობს მოსახლეთა უფლებების გათანაბრებას და მათ შორის ბალანსის დაცვას.  

   
 

§ 16

 

ადამიანმა თავის საკუთრებად შეიძლება მიიჩნიოს მხოლოდ საკუთარი სხეული და ფონება; სწორედ ამიტომ არაფერი მიმაჩნია იმაზე გონივრულად, ვიდრე ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების, საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაა. თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა სოფლის მეურნეობის და წარმოების, ხელსაქმის, ვაჭრობისა და საკუთარი დოცნის გამოყენებით. ეს შესაძლებლობა ღია უნდა იყოს ყველასთვის მანამ, სანამ რაოდენობა საზოგადოებისათვის საზიანო არ გახდება.

   
 

§ 17  

 

შრომისუნარიანი მუშები გამორეკილები არიან სოფლებიდან, რადგან სოფლებსა და ქოხებში მცხოვრებ ხალხს, რომელთაც ბედმა არ არგუნა რაიმე სახის მიწა, კანონი იცავს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების და/ან მოხუცებულობის დროს, როცა ისინი ისედაც  უძლურნი არიან რამე საკუთარი შრომით შექმნან. ამგვარი მდგომარეობის გამო, როგორც კი ადამიანს უჩნდებათ ბუნებრივი  მოთხოვნილება იყვნენ თავისუფლები და გახდნენ დამოუკიდებელნი, იმწამსვე დიდ ქალაქებს მიაშურებენ, სადაც მათ შეუძლიათ უფრო მეტი თავისუფლებით დატკბნენ და დასაქმდნენ ისეთ სამსახურში, რომელიც მათგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ინგლისსა და გერმანიში დამკვიდრებული ტრადიციის მსგავსად, ყველა სოფელში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი ქოხის მფლობელი იყოს. ასეთ შემთხვევაში შრომისუნარიანი ადამიანები არჩევენ თავის მკვიდრ ადგილას დარჩნენ, გამრავლდნენ, მომგებიანი გარიგებები აწარმოონ, დასაქმდნენ ფერმებში, ვიდრე საცხოვრებლად გადავიდნენ ქალაქში, სადაც ვერ შექმნიან ოჯახს, დარჯებიან დაუოჯახებელნი, დაიწყენებ ბოჰემური ცხოვრებას გაზარმაცდებიან, ეცდებიან ქონება ადვილი შრომით მოიპოვონ, ხელს მიჰყოფებს ექსტრავაგანტული ცხოვრების წესსა და უსაქმურობას, რომ იოლი შრომით ჩაიგდონ ხელში სხვა შეძლებულთა ავლადიდება, გაიყვანონ დრო ძილსა და გარყვნილებაში და  ზედმეტ ტვირთად იქცნენ საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის.

   
 

§ 18  

 

ადამიანების უნარების განვითარებასა და თავისუფლების ხელშეწყობას უნდა ემსახურებოდნენ კონკრეტულად საჯარო სკოლები, სადაც ადამიანი მიიღებდა განათლებას  მთლიანად იმ ნაბიჯებით, რასაც ყველა სახის ხელოვნებასა და ხელსაქმეში მისი გულმოდგინება უზრუნველყოფდა, შედეგად მას დაუყოვნებლივ იმ სფეროს თავისუფალ პატრონად აღიარებდნენ, რომელსაც ის ადვილად შეიმეცნებდა. თუმცა, ყველა სახის პროფესიის რაოდენობა საზოგადოების მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული.

   
 

§ 19  

 

ამის საპირიპიროდ, ჩვენი დახურული საამქროები და შეგირდებისთვის განკუთვნილი შეწყვეტილი სწავლება საუკეთესო საშუალებებია  შედეგად მივიღოთ უსაქმურობა, შებოჭილობა, ხალხის უკმარისობა, გარყვნილება, სიღარიბე და დროის კარგვა.

   
 

§ 20  

 

შვედეთში ე.წ. თავისუფალი ხელოვნებაც კი არ არის თავისუფალი. ამ სახელს სხვაგან უფრო იმსახურებენ. გერმანიაში, თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საჯაროდ ასწავლოს სხვებს ყველაფერი ის რაც მან თავად ისწავლა. ამის გარდა, დასაწყისშივე ორივეს უნდა აეკრძალოს წიგნის სწავლება გაიხადოს ცხოვრების ძირითად მარშრუტად, ან, შემდგომში, ამავდროულად არ აეკრძალოს თავისუფლად დაეყრდნოს ყველაზე უწყინარ ვაჭრობას.

   
 

§ 21

 

დასასრულს, თავისუფალ საზოგადოებაში საზოგადოების კეთილდღეობისთვის წვლილის შეტანის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა. თუმცა, თუ ეს მოხდება, საზოგადოების მდგომარეობა აუცილებლად ცნობადი უნდა გახდეს ყველასთვის და ყველას უნდა შეეძლოს ამის შესახებ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა. სადაც ამის ნაკლებობაა, თავისუფლება არ იმსახურებს საკუთარ სახელს. ომისა და სხვა უცხოური მოლაპარაკებების საკითხები გარკვეული დროის მანძილზე საიდუმლოდ უნდა დარჩეს და არ გახდეს ცნობილი ბევრისთვის, მაგრამ არა წესიერი მოქალაქეების ხარჯზე, არამედ მტრების გამო. მშვიდობიანი დროის და საშინაო კეთილდღეობის საკითხები ნაკლებად უნდა იყოს დამალული მოსახლეობის თვალისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მოხდეს ის, რომ უცხოელებმა, რომლებსაც  ზიანი სურთ ქვეყნისთვის, ფულისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით ყველა საიდუმლოს შესახებ გაიგონ, მაგრამ თავად ამ ქვეყნის ხალხი, ვისაც საუკეთესო შემთხვევაში საჭირო დარიგების გაცემა შეუძლია, ბევრ საკითხში უცოდინარი აღმოჩნდეს.

მეორეს მხრივ, მთლიანი ქვეყნის ცნობადობის შემთხვევაში, დამკვირვებელი მაინც ხედავს რას მოაქვს ქვეყნისთვის სარგებელი და რა აყენებს მას ზიანს, და იქ სადაც წერილობითი სიტყვის თავისუფლებაა, ის ამ ინფორმაციას ყველასთან ამჟღავნებს. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საჯარო განხილვებს წარუძღვეს ჭეშმარიტება და სამშობლოსადმი სიყვარული, რომლის საერთო ბედზეცაა დამოკიდებული თითოეული ადამიანი.

ღმერთო, უზენაესო, ვინც ზემოდან დასცქერი ადამიანებს, გააძლიერე შვედეთის თავისუფლება და შეუნარჩუნე ის სამარადისოდ!

პეტერ ფორსკოლი

   
   
  Back to top